ცნობილია, რომ ადამიანის დამოკიდებულებები და ქცევები გავლენას ახდენს როგორც პირადი, ისე პროფესიული წარმატების მიღწევაზე. შესაბამისად, თუ გსურთ მიაღწიოთ დასახულ მიზნებს და კონტროლი იქონიოთ, როგორც საკუთარ ქმედებებზე, ისე ემოციებზე, თვითრეგულაციის უნარის გამომუშავებაზე ფიქრი უნდა დაიწყოთ.
თვითრეგულაცია პიროვნული თუ პროფესიული წარმატების მიღწევაში კრიტიკულ და გადამწყვეტ უნარს წარმოადგენს. იგი ადამიანებს საკუთარი ემოციების, ფიქრებისა თუ ქცევების ხანგრძლივი მიზნების შესაბამისად კონტროლში ეხმარება. მოცემული უნარი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ფოკუსის შენარჩუნებაში, გამოწვევების გადალახვაში თუ კონსისტენტურობაში, რაც კარიერული მიღწევების საწინდარია. თვითრეგულაცია მოიცავს თვითკონტროლს, მიზნების დასახვის უნარს, დროის მენეჯმენტს და სხვა ისეთ კომპონენტებს, რომელიც სტრესულ, უმართავ და ხელისშემშლელ სიტუაციებშიც კი ფოკუსისა და კონტროლის შენარჩუნებაში გვეხმარება.
კონკრეტულად რას წარმოადგენს მოცემული უნარი?
თვითრეგულაციის უნარი ემოციური ინტელექტის ელემენტია, რომელიც საკუთარი ფიქრებისა თუ ქმედებების წარმატებულად მართვას უკავშირდება. არსებობს ორი ტიპის თვითრეგულაცია, ქცევითი და ემოციური. ქცევებთან დაკავშირებული თვით-რეგულაციის უნარი უკავშირდება იმას, თუ როგორ პასუხობს ადამიანი გარკვეულ სიტუაციებს. რამდენად ესადაგება მისი ქცევები თავისივე გრძელვადიან მიზნებსა და ღირებულებებს. ემოციური თვითრეგულაცია, ქცევითისგან განსხვავებით, ემოციების კონტროლს უკავშირდება, მათ ცნობიერად მართვას და განსხვავებული გამოწვევებისა თუ კონტექსტების მიუხედავად, სტაბილურობის შენარჩუნებას.
თვით-რეგულაციის მქონე ადამიანებს ხშირად ახასიათებთ თვით-შემეცნება, პერსისტენტულობა (მდგრადობა), ადაპტირებადობა და ოპტიმიზმი. თითოეული მათგანი გავლენას ახდენს რაციონალური გადაწყვეტილებების მიღებაზე, დისციპლინაზე, თმენისა და გრძელვადიანი მიზნებისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ მიყოლის შესაძლებლობაზე. ამ უნარის მქონეები უფრო მეტად ეგუებიან და უმკლავდებიან გამოწვევებს, ერგებიან სხვადასხვა კონტექსტსა და საჭიროებებს, ინარჩუნებენ სიმშვიდეს და პოზიტიურ დამოკიდებულებას მომავლისადმი.
ჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება გავხდეთ თვითრეგულაციის უნარის მქონე ინდივიდები?
1. იმუშავეთ თვით-შემეცნებაზე:
თვითრეგულაციაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საკუთარი თავის შეცნობაა. ესაა საკუთარი თავის დანახვის და იმის გაგების უნარი, თუ როგორ გვხედავენ სხვები და როგორ ვერგებით ჩვენს გარშემო არსებულ რეალობას. საუკეთესო გზა თვით-შემეცნების გავარჯიშებისთვის სხვადასხვა სიტუაციაში საკუთარ შეგრძნებებზე, ფიზიკურ რეაქციებზე, ემოციებზე დაკვირვება და ამოცნობაა.
2. ივარჯიშეთ:
ფიზიკური აქტივობა ორგანიზმში ზრდის ენდორფინის დონეს, რომელიც თავისთავად გავლენას ახდენს გუნება-განწყობილებაზე და ეხმარება ადამიანს სტრესის შემცირებაში. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რეგულარული ვარჯიში დაგეხმარებათ საქმეზე ფოკუსირებაში, მიზნების დასახვაში და საკუთარ ცხოვრებაზე თუ სხეულზე კონტროლის შენარჩუნებაში.
3. შეუსაბამეთ თქვენი მიზნები თქვენსავე ღირებულებებს:
რაც უფრო მკაფიოდ ესმის ადამიანს თუ რა არის მისთვის მნიშნელოვანი და ღირებული, მით უფრო მეტად ინარჩუნებს იგი სიმტკიცეს გადაწყვეტილებების მიღების შემდგომ. მაგალითად, თუ თქვენთვის ღირებულებია პროფესიული სანაცნობო წრის ჩამოყალიბება, ეცდებით მეტად გააძლიეროთ თქვენი ურთიერთობები თანამშრომლებთან, იქნებით უფრო მეტად მოტივირებულები და თვით- რეგულირებულები.
4. იყავით ანგარიშვალდებული საკუთარ თავთან:
საკუთარ ქმედებებს ადამიანები უფრო მეტად მაშინ აკონტროლებენ, როცა პასუხისმგებლობას იღებენ იმ მიზნების მიმართ, რომლებსაც ისახავენ. თუ გეგმაში გაწერთ კონკრეტულ სამუშაოს, რომელზეც აიღებთ პასუხისმგებლობას, შექმნით კიდეც სტრატეგიას, რომელიც მიზნამდე მიგიყვანთ. მაგალითად, სამუშაოს დაყოფთ პატარა დავალებებად, რომელთა მართვა და შესრულებაც უფრო მარტივი იქნება. მოცემულ საკითხში შეიძლება დაიხმაროთ, მაგალითად, თანამშრომელიც, რომელიც თქვენი შესრულებული საქმისა და პროგრესის შემოწმებას ითავებს. რაც უფრო მეტად გაუწევთ საკუთარ თავს ანგარიშს და აიღებთ პასუხისმგებლობებს, მით უფრო მეტად განივითარებთ თვითრეგულაციის უნარს, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ასრულებთ სამუშაოს და რა დროში.
5. აწარმოეთ დღიური:
წერა ადამიანს გონების გათავისუფლებასა და ფიქრების დალაგებაში ეხმარება. დღიურის წარმოება შეიძლება დაგეხმაროთ საკუთარი თავის დამშვიდებაში, პოზიტიური თუ ნეგატიური მოვლენების გადახარისხებაში, თვითშემეცნებაში და სხვა. დღიური შეიძლება გამოიყენოთ თვითრეგულირების ჩვევების ჩამოყალიბების პროცესშიც და დააკვირდეთ, აღწეროთ თქვენივე პროგრესი.
მოცემული სავარჯიშოებით თვითრეგულირების უნარის გაუმჯობესება არა მხოლოდ თქვენს კეთილდღეობაზე და პიროვნულ წარმატებაზე იქონიებს გავლენას, არამედ იგი დაგეხმარებათ კარიერულ წინსვალსა და სამუშაო სივრცეში პროდუქტიულობის გაზრდაში.
რა სარგებელი აქვს თვითრეგულაციის გამოყენებას?
კომუნიკაციის გაუმჯობესება: გექნებათ უნარი აქტიურად მოუსმინოთ სხვებს, უკეთ შეაფასოთ სიტუაცია და მოუხმოთ რაციონალურობას გადაწყვეტილების მიღებამდე.
კონფლიქტის უკეთ გადაჭრა: განსხვავებული აზრების მიმღებლობა და თანამშრომლებთან დამყარებული ჯანსაღი ურთიერთობა, დაგეხმარებათ პრობლემის სწორად აღმოჩენასა და გადაჭრაში, ვინაიდან თვით-რეგულაციის უნარით გააკონტროლებთ საკუთარ ემოციებსა და ქმედებებს.
დროის მენეჯმენტი: თვითრეგულაციაზე მუშაობის პროცესში განივითარებთ დროის მართვის უნარს, რაც სამუშაო სივრცეში დაგეხმარებათ, რომ საქმე შეასრულოთ განსაზღვრულ ვადებში, შეხვედრებს დაესწროთ დროულად, იყოთ მეტად პროდუქტიულები და სხვა.
სტრესის მართვა: ყოველდღიური დატვირთული გრაფიკი და საქმე შეიძლება ძალიან დიდი სტრესის წყარო აღმოჩნდეს, თუმცა თვითრეგულაციის ჩვევებით შესაძლებელი გახდება მისი კონტროლი. უფრო მეტად შეძლებთ საკუთარი თავის ხელში აყვანას, დამშვიდებას, პროცესზე ორიენტირებას და შფოთვის შემცირებას.
ერთი სიტყვით, თვითრეგულაცია ის ძლიერი იარაღია, რომლითაც პიროვნული წარმატების მიღწევა და კარიერეული ზრდაა შესაძლებელი. იგი საშუალებას იძლევა დავისახოთ მიზნები, შევინარჩუნოთ ამ მიზნებზე ფოკუსი, ვმართოთ სტრესი და მივაღწიოთ სასურველ შედეგს. დღევანდელ სწრაფად მზარდ და კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე მოცემული უნარი სწორედ ის არსებითი მახასიათებელია, რომელიც თქვენს განსაკუთრებულობას გაუსვამს ხაზს.
ავტორი: ნატო ქარცივაძე
წყაროები: https://topcv.co.uk/career-advice/career-self-regulation / https://www.indeed.com/career-advice/career-development/self-regulation-skills / https://link.springer.com/chapter/10.1007/0-306-47149-3_9
Comments are closed