ორგანიზაციების ხელმძღვანელების აზრით, სამუშაო ადგილები არსებობს. თუმცა სასურველი თანამშრომლების პოვნა ძალიან რთულია. ამის საპასუხოდ, სამსახურის მაძიებლები ხშირად ბრაზდებიან და კომპანიების შეცდომებზე/ნაკლოვანებებზე ბევრს საუბრობენ. დიახ, პრობლემები დამსაქმებლებს ნამდვილად აქვთ, მაგრამ თუ სამსახური სადღაც არის და მხოლოდ მისვლა სჭირდება, იქნებ ჩვენც ვცდებით რაღაცაში?! იქნებ ისეთი მიზეზებიც არსებობს, რომლის გამოსწორებაც მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული?! იქნებ შეგვიძლია იმაზე უკეთესები ვიყოთ, ვიდრე დღეს ვართ?! იქნებ…. იქნებ…????
დღეს შემოგთავაზებთ რამდენიმე მთავარ მიზეზს, რომლებიც კარიერაში ფუნდამენტურ შეცდომებად მიმაჩნია. მათი გამოსწორება კი მხოლოდ თქვენს ნებაზეა დამოკიდებული. არ ვფიქრობ, რომ ეს ის ჭეშმარიტებაა, რომელსაც „წყალი არ გაუვა“ და ნებისმიერ კრიტიკას გაუძლებს. უბრალოდ, გამიხარდება თუ ერთ კომპონენტზე მაინც დაფიქრდებით და ახალი ძალებით დაწყებთ მოქმედებას.
იქნებ ბოლომდე კარგად არ იცით სად მიდიხართ?
როცა ადამიანებს ვეკითხები, რომელ სექტორში უნდათ თავიანთი კარიერა განავითარონ, უმეტესად დაბნეულ სახეებს ვიღებ ხოლმე. თითქოს ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ არ იცით სად გინდათ თვითრეალიზაცია, თქვენი მცდელობები ხშირად წარუმატებელი აღმოჩნდება. საჯარო, ბიზნეს და საზოგადოებრივი ორგანიზაციები პერსონალის შერჩევისას განსხვავებულ მეთოდებსა და მიდგომებს იყენებენ. მიზეზი კი მარტივია: თითოეულ დაწესებულებაში ადამიანები განსხვავებული ფასეულობებით, მიზნებითა და პრინციპებით მუშაობენ. საკუთარ ღირებულებებზე დაყრდნობით, შეარჩიეთ ის სექტორი და ორგანიზაცია, რომელიც თქვენთვის ყველაზე მიმზიდველია და მთელი რესურსების მობილიზაცია სწორედ ამისკენ მიმართეთ. ხმელეთის პოვნის იმედით, ნუ იქნებით უნიჩბო ნავში, რომელიც მხოლოდ ტალღების იმედად არის დარჩენილი.
იქნებ სამსახური სამსახურისთვის გინდათ?
სამუშაოს ხშირად იმიტომ ეძებენ, რომ ამით მხოლოდ მატერიალური შემოსავალი მიიღონ. არის შემთხვევები, როცა სახლში ჯდომა მოსწყინდათ და „რამეს“ ეძებენ. ამ დროს კი ორგანიზაციები დაინერესებულნი არიან ისეთი ადამიანებით, რომლებიც არა უბრალოდ ივლიან სამსახურში, არამედ განსაკუთრებულ სარგებელს მოუტანენ. თუ დასაქმება თქვენთვის მხოლოდ ფულის შოვნის წინაპირობაა, ვშიშობ იშვიათად გაგიმართლებთ. ეძებეთ სამსახური იმ მიზნით, რომ პროფესიულად კიდევ უფრო გაიზარდოთ და სხვებისთვის სიკეთის მოტანა შეძლოთ.
იქნებ შეცდომები მხოლოდ პესიმიზმის მიზეზი ხდება?
სამსახურის მოძიება კალათაში ბურთის ჩაგდებას ჰგავს: ხან ააცდენთ, ხან კი მიზანში მოახვედრებთ. რაც უფრო მეტჯერ ცდილობთ ჩაგდებას, წარმატებული სროლების რიცხვი იმატებს, რადგან გამოცდილებამ უკვე შეცდომებზე გასწავლათ. თუ შერჩევის პროცესი თქვენთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, ნუ აქცევთ მას დარდის და მწუხარების მიზეზად. გამოიყენეთ ის, როგორც გაკვეთილი და ახლიდან დაიწყეთ დამიზნება. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ არაფერი შეიცვლება!
იქნებ ძალიან ბევრ დროს ფლანგავთ?
სოციალური ქსელები, სატელევიზიო გადაცემები, ადამიანები და ა.შ. ხშირად ყურადღებას გვიფანტავენ და არ გვაძლევენ საშუალებას კონცენტრაცია მოვახდინოთ ჩვენს მიზნებზე. თუ ნამდვილად მოტივირებული ხართ დაწყოთ მუშაობა, გადააგდეთ ყველა და ყველაფერი რაც ხელს გიშლით მიზნის მიღწევაში. თუ სამსახურის მოძიება დაიწყეთ, ნურავის მისცემთ უფლებას წაგართვათ ის, რომელსაც უკან ვერასდროს დაიბრუნებთ – დრო!
იქნებ პირადი პასუხისმგებლობის ნაკლებობა გაქვთ?
ბავშვობიდან მოყოლებული, გარემო (ოჯახი, სკოლა და ა.შ.) ხშირად ჩვენს ნაცვლად აკეთებს იმას, რაც თავად შეგვეძლო გაგვეკეთებინა. ზედმეტი მზრუნველობა და გაუმართავი სისტემები არ გვაძლევს საშუალებას ჩვენს ცხოვრებაზე პირადი პასუხისმგებლობის აღება ვისწავლოთ. სწორედ ამიტომ, ველოდებით სხვებს, რომლებიც ჩვენს ნაცვლად გააკეთებენ რეზიუმეს, მოძებნიან ორგანიზაციებს ან თუნდაც ჩვენს ნაცვლად იფიქრებენ. თუ არ გინდათ მთელი ცხოვრება სხვისი დასახმარებელი იყოთ, თქვენსავე მომავალზე 100%-იანი პასუხისმგებლობა აიღეთ. ეს ფაქტორი დაგეხმარებათ გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან, იმუშაოთ საკუთარ განვითარებაზე და სიტუაციიდან გამოსავალიც თავად იპოვოთ.
წაიკითხეთ ყველა ფაქტორი და ალბათ ფიქრობთ ისეთ ობიექტურ მიზეზებზე, რომელთა გამოსწორება თქვენზე არ არის დამოკიდებული. ალბათ წარმატების ფორმულასაც ელოდით, რომელიც ყველასთვის ინდივიდუალურია. თუმცა მინდა გითხრათ, რომ საკუთარი შეცდომების გაცნობიერებითა და მათზე მუშაობით, დასაქმების შანსები მნიშვნელოვნად გაგეზრდებათ, ვიდრე იმათ ვინც სახლში მოუთმენლად ელოდება „მესიას“, რომელიც სიხარულით აცნობებს: თქვენთვის სამუშაო გვაქვს!
რაც მთავარია, ჰკითხეთ საკუთარ თავს ბევრი „იქნებ?“
წარმატებები!
Comments are closed